27 სექტემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ფონდ „გურული დღიურების" წარმომადგენლები რაგბის კლუბ „სოხუმის" წევრებსა და დამფუძნებლებს შეხვდნენ.
კლუბის წევრებს ფონდ „გურული დღიურების" დამფუძნებელმა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ სიტყვით მიმართა. ფონდის ხელმძღვანელმა ქეთი გოგავამ კი კლუბს ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით თანხა გადასცა.
„დღეს სოხუმის დაცემის დღეა, დღე, რომელმაც თანამედროვე საქართველოს ისტორია განსაზღვრა. სიმბოლურია, რომ ამ თარიღს ამ ფორმით ვეხმიანებით - რაგბის კლუბი „სოხუმი" იმყოფება დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ამ კლუბის შექმნაში დიდი შრომა და ენთუზიაზმია ჩადებული. კლუბის წევრების დიდ ნაწილს აფხაზეთი მხოლოდ ფოტოებზე თუ აქვს ნანახი. ემოციური მეხსიერება ძალიან მცირეა და ამიტომ არის აუცილებელი ასეთი შეხვედრები, ადამიანური ურთიერთობები, რაც, შესაძლოა, მიწის დაბრუნებაზე მნიშვნელოვანიც იყოს. „გურული დღიურები" ეცდება, კლუბს ფინანსური დახმარება მომავალშიც გაუწიოს და თანხა კიდევ უფრო გაიზარდოს", - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
„კლუბის შექმნის იდეა იყო, „სოხუმი" ერთიანობისა და წარმატების სიმბოლო ყოფილიყო. დარწმუნებულები ვართ, რომ „სოხუმი" აუცილებლად ითამაშებს სოხუმში", - ამბობს კლუბის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ლევან ჯობავა.
რაგბის კლუბი სოხუმი 2017 წელს დაარსდა. მისი წევრები აფხაზეთიდან დევნილი და ზუგდიდში მცხოვრები 9-დან 15 წლამდე მოზარდები არიან. კლუბის წევრებს შემდეგაც აქვთ ვარჯიშის გაგრძელების შესაძლებლობა.